ოპოზიციური ერთობა იშლება – პარტიების ლიდერები პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან

ოპოზიციური ერთობა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო დაირაზმა და ე.წ. გერმანულ მოდელს ითხოვს, მყიფე აღმოჩნდა. პარტიების ლიდერები თანდათან აცნობიერებენ, რომ რეალურად ისინი სააკაშვილს, ბოკერიას და მათ თანაგუნდელებს საკუთარი მიზნის მისაღწევად დასჭირდათ. ნაციონალების მიზანი ნათელია – ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების სრული უზურპაცია. პარტიების ლიდერები თანდათან ახდენენ აგრესიული ნაციონალებიდან დისტანცირებას.
მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური მოძრაობა უკვე რამდენიმე დღეა აცხადებს, რომ აქციას უერთდება ,თუმცა დესტრუქციულ და უკანონო ქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

“შენების” მოძრაობის ლიდერი და ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ავტორი დავით უსუფაშვილი უკვე ვერ მალავს იმედგაცრუებას და იძულებულია აღიაროს, რომ პარლამენტის პიკეტირება რიგ შემთხვევაში, კანონის ფარგლებს გასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსუფაშვილი სამართალდამცველების ქმედებას და პიკეტის დაშლას ამართლებს.

რადიკალურად აცდა ერთმანეთს “გირჩის” უკიდეგანო თავისუფლება და ეკა ბესელიას შეხედულებები. ბესელიამ სოციალურ ქსელში ღიადაც კი დააფიქსირა, რომ პატრიარქის ლანძღვა მიტინგებზე მისთვის მიუღებელია.
“ნაციონალი” გია ბარამუძის უტიფარ შედარებას აპროტესტებენ ნინო ბურჯანაძის მომხრეები. ბარამიძემ ღიად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 26 მაისის აქციის დარბევას ვერც კი შეადარებს ამჟამინდელ ამბებს, რადგან მაშინ ხელისუფლება სრულიად ადეკვატური იყო, უბრალოდ, ცოტათი გადააჭარბა ძალას მომიტინგეების დაშლისას.

7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტვ იმედში შევარდნის შედარება ამჟამინდელ ამბებთან გაუმართლებელ შედარებად ჩაუთვალა თინა ხიდაშელმა ტელეწამყვანს და ნაციონალების “მთავარი არხის” იდეოლოგს ნოდარ მელაძეს.
ფაქტია, ოპოზიციის ერთობა დომინანტ ნაციონალებთან უკვე პრობლემური ხდება მარტივი მიზეზით, სააკაშვილის ჯგუფი არც ძველი შეცდომების აღიარებას აპირებს და არც ძალისმიერ მეთოდებზე ამბობს უარს, რასაც ამომრჩეველიც კარგად გრძნობს.
ასე რომ, როდის დაიშლება ამორფული და გაუგებარი ოპოზიციური ერთობა, ახლა უკვე დროის საკითხია.