რა მოიტყუა დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინგა გრიგოლიამ?

რა მოიტყუა და რატომ გალანძღა გრიგოლიამ დღეს საჯაროდ მამუკა ბახტაძე?

ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ვანო მაჭავარიანმა უცენზურო სიტყვით მოიხსენია ის მინისტრი, რომელიც ტელევიზიებს დავალიანებებს პატიობდა, რის გამოც “რუსთავი 2”-ს, “იმედს” და “მაესტროს” მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ.

გრიგოლია აცხადებს, რომ ეს მინისტრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა. სინამდვილეში, ინგა გრიგოლიამ ძალიან კარგად იცის, რომ ტელევიზიების ვალის დაგროვება 2015 წლიდან დაიწყო. მაშინ პრემიერი-გიორგი კვირიკაშვილი იყო, ფინანსთა სამინისტრო კი ნოდარ ხადურისგან გიორგი ქუმსიშვილმა გადაიბარა. ვალების დაგროვების მავნე პრაქტიკას კი სათავე ნიკა გვარამიამ დაუდო. თუმცა, გრიგოლია ჯიუტად იმეორებს ერთ უცენზურო სიტყვას და მიზანმიმართულად აიგეივებს ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რომელიც ძალიან არ უყვარს ტვ “პირველის” მეპატრონეების მეგობარს და საქმიან პარტნიორს მამუკა ხაზარაძეს. ცნობისათვის, სწორედ პრემიერ მამუკა ბახტაძეს უკავშირდება გარკვეული საბანკო და ფინანსური რეგულაციების შემოღება, რამაც ბანკირ ხაზარაძეს მოსახლეობის ხარაჯზე მილიონების კეთების საშუალება მოუსპო.

ცნობისათვის – 2015 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო ნიკა გვარამიას მიერ მიტაცებული “რუსთავი 2”-ის ანგარიშებს. ამ გადაწყვეტილების გამო სასამართლოს მოსამართელეები – უკლებლივ ყველა, “რუსთავი 2-ის” მაშინდელი დირექტორის და მისი მხარდამჭერების მხრიდან მანამდე წარმოუდგენელი თრევის, ლანძღვა-გინების, ბულინგის სამიზნე გახდნენ. გაცოფებულმა გვარამიამ მაშინ უარი თქვა გადაეხადა საბიუჯეტო დავალიანება მანამ, სანამ სტრასბურგიდან გადაწყვეტილება არ ჩამოვიდოდა. რადგან გადასახედებს არ იხდიდა “რუსთავი 2” და მას ეს აპატიეს, ტვ “იმედმა” განაცხადა, რომ არც ის გადაიხდიდა გადასახადს, რადგან ეს არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა “რუსთავი 2”-თან მიმართებაში. ასე დაუგროვდათ აღნიშნულ ტელევიზიებს დავალიანებები, რომლის გადახდაც მთავრობამ, კონკრეტულად კი ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა უკვე მას შემდეგ მოითხოვა, რაც სტრასბურგიდან განაჩენი ჩამოვიდა, რომლის ძალითაც გვარამის მიერ უკვე დავალიანებებში გაბლანდული “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ეს ფაქტები შეუძლებელია არ ახსოვდეს ინგა გრიგოლიას და ნინო ჯანგირაშვილს. თუმცა, დღეს არც ერთ მათგანს ნიკა გვარამიას ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება არ აწყობს. ასევე ვერ მოიხსენიებს ნეგატიურ კონტექსტში ინგა გრიგოლია გიორგი კვირიკაშვილს, რადგან ეს არ შედის ხაზარაძის ინტერესში, რომელიც პირდაპირ კავშირშია “ტვ პირველის” მფლობელებთან ავთო და ვატო წერეთლებთან და დაინტერესებულია გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური გაცოცხლებით, რაც დაადასტურა კიდეც პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო საქართველოსთვის” დაფუძნების დღეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გიორგი კვირიკაშვილთან, თუ ის პოლიტიკაში მოსვლას დააპირებს.

ასეა თუ ისე, გიორგი კვირიკაშვილის შეცდომები თუ გადაცდომები დღეს წარმატებით “შეეწერა” მამუკა ბახტაძეს.

რაც მთავარია, როგორც გრიგოლიამ, ისე ნინო ჯანგირაშვილმა დღეს წარმატებით “გაათეთრეს” ნიკა გვარამიას და ხაზარაძის პოლიტიკური და დემაგოგიური სქემა, თან ისე, რომ ვერც კი ხვდებიან, როგორ დააზიანეს საკუთარი ტელევიზიების ინტერესები გვარამიას სასარგებლოდ: ცნობისათვის, სწორედ ტვ “კავკასია” და ტვ “პირველია” დღეს გვარამიას “მთავარი არხის” და კეზერაშვილის “ტვ ფორმულას” რეალური კონკურენტი, რადგან ზუსტად იმ სეგმენტის მაყურებელზე მუშაობს, რომელზეც ტვ “პირველი” და “კავკასია”, შესაბამისად, თუ მათ პრობლემები შეექმნებათ, ეს მხოლოდ ხელს აძლევს გვარამიას, როგორც პოლიტიკურად, ისე ბიზნესურად.