აზერბაიჯანში ხვალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

აზერბაიჯანში უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა. მნიშვნელოვან მოვლენამდე ერთი დღით ადრე პროცესში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს. აზერბაიჯანში ერთპალატიანი პარლამენტია, სადაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მაჟორიტარული სისტემით 125 დეპუტატს ირჩევენ – თითო ადამიანს 125 ოლქიდან. ამ დროისთვის 1300-ზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს მმართველ პარტიას – “ახალი აზერბაიჯანი” – მოქმედი პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ინიციატივით მიმართა. ილჰამ ალიევმა ეს იმით ახსნა, რომ პარლამენტის მოქმედი შემადგენლობა მის პოლიტიკას არ შეესაბამებოდა. მმართველმა პარტიამ ალიევის წინადადება ერთხმად მიიღო და მის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს დასთანხმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნების თარიღად 9 თებერვალი დაინიშნა. გეგმიურად ის 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო.
​​აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანის ისტორიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება​.