ბიზნესი პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენებს მოუწოდებს, ბიზნესგარემოს შეფასებისას ობიექტურობა დაიცვან და პოლიტიკური ქულების დაწერას არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნუ შეეცდებიან

პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესზე არგუმენტების გარეშე, ზერელე საუბარი ამ ქვეყანაში არ შეიძლება – სავაჭრო-სამრეწვველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ბიზნესის თემებით მანიპულირებას თავი დაანებონ.

“მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკოსს, რომ როდესაც ბიზნესგარემოზე საუბრობენ, ეს ბიზნეს გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ქვეყნისთვის და უსაფუძვლოდ იმის საუბარი, რომ ამ ქვეყანაში დღეს ბიზნესის კეთება არ შეიძლება და ინვესტიციები არ შემოდის და მსგავსი განცხადებები არის ძალიან არასწორი. ჯერ ერთი სტატისტიკურად არასწორია, ინვესტიციები შემოდის, კი ბატონო, იყო შემცირება, მაგრამ ინვესტიციები შემოდის და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ინვესტიციები აღარ არის, ბიზნესის კეთება ცუდია – არასწორია. რეგიონში ჩვენ ისევ პირველები ვართ. გასაგებია, რომ პრობლემები შეიძლება იყოს, რაღაც ნაწილში მართლაც გამოსასწორებელია ბევრი რამე, მაგრამ მთლიანობაში იმის ლაპარაკი, რომ ბიზნესგარემო ცუდია და ამით პოლიტიკური ქულების დაწერა, არასწორია.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა გახდეს, რომ ბიზნესზე ასე, ყოველგვარი არგუმენტების და ფაქტების გარეშე, ზერელედ ლაპარაკი, რომ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ შეიძლება, ეს უნდა შეჩერდეს. ეს ეხება ყველა პოლიტიკოსს, ვინც ლაპარაკობს ბიზნესგარემოზე” – ამბობს პერტაია.