სოფელ შრომაში უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსიდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაფიქსირდა უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჟამად ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

” სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად.

 სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ.

 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინირებულია (პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია) დაავადების ამთვისებელი 300 ათასამდე ცხოველი” – ნათქვამია სააგენტოს  ინფორმაციაში.