ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდში, ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნატრული აკობიას გადაწყვეტილებით, ბაკურ სორდია პატიმრობაში რჩება.

პროცესს დღეს გარდაცვლილის ახლობლები დაესწრნენ. სხდომათა დარბაზი მალევე დატოვა გარდაცვლილის მამამ ვახტანგ მიქავამ, რომელმაც ბაკურს სორდიას მიმართა კითხვით – “რატომ მომიკალი შვილი?”. შენობის გარეთ კი გარდაცვლილისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მათ სამართალდამცველებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავის მხრივ, პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მას ასევე სურს, მისი ინტერესები ადვოკატმა დაიცვას, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ აქვს, რაზეც მოსამართლემ მას განუმარტა, რომ კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო არ არის ვალდებული, ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნოს.

ბაკურ სორდია, რომელსაც ბრალად ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა ედება, მისი მეუღლის ეკა მიქავას გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 29 დეკემბერს დააკავეს.