2019 წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 1.6 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 9.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31- 50 წლის მოგზაურების მიერ.

„2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი“,-აღნიშნულია ანგარიშში.