დმანისში 60 წლის ქალის მკვლელობა ყაჩაღობას უკავშირდება

დმანისში 60 წლამდე ქალის მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, პირი დააკავა. ზაირა დევნოზაშვილის ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში 13 თებერვალს, გვიან ღამით მეუღლემ იპოვა. გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მოკლული ქალის მეუღლე ამბობს, რომ ცხედარი გზის პირას ქურთუკის გარეშე იპოვა და მკვლელობის მოტივად ყაჩაღობას ასახელებს. სოფელში ამბობენ, რომ მოკლულს მაღაზია ჰქონდა და სავარაუდოდ, დამნაშავე მაღაზიიდან გამოსულ ქალს გაქურდვის მიზნით აედევნდა. მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დმანისში მცხოვრები 1982 წელს დაბადებული პირი დააკავა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, გამოძიება გრძელდება. მომხდარს საგამოძიებო უწყება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.