“სითი პარკმა” თბილისის მერიასთან დავა შეწყვიტა

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.