რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე მდებარე მინი საწარმოს სახურავი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამ ადგილზე დასაქმებული სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. “დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი” – ნათქვამია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.