მაჩალიკაშვილი: ჩემი შვილის მკვლელის დასასჯელად პოლიტიკაშიც წავალ

მალხაზ მაჩალიკაშვილი ორდღიანი ვიზიტით უცხოეთში იმყოფებოდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს და მასთან დაახლოებულ პირებს შეხვდა. დღეს მაჩალიკაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მიზანი არ არის პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ ის პოლიტიკაშიც წავა, თუ საკუთარი შვილის მკვლელის დასჯა დასჭირდა. “იმასაც იძახიან ჩემზე, პოლიტიკაში მოსასვლელად, თანამდებობაზე მოსასვლელად იბრძვისო. დამღალეს ამ ორი წლის განმავლობაში. მე მართლა ჯოჯოხეთს გავდივარ. მე სამართალს ვეძებ, მე იმას ვთხოვ სახელმწიფოს, დასაჯეთ ჩემი შვილის მკვლელი. მაგათ რომ დაესაჯათ, არსად არ მომიწევდა წასვლა, არსად შეხვედრა არ მომიწევდა, მაგრამ ეს არ იქნა და აქედან გამომდინარე, მიწევს ყველგან წასვლა და შეხვედრა. რამდენიმემ დამისვა ეს შეკითხვა, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ჩემთვის იმდენად შორია ეს სიტყვა… მაგრამ თუ დასჭირდა ამ ბავშვის სიმართლის დასადგენად, მე მაქვს ნათქვამი, რომ ჯოჯოხეთშიც კი წავალ, არათუ პოლიტიკაში. ეს ყველამ კარგად იცოდეს, ამ ბავშვის კითხვებს პასუხი გაეცემა, ეს ქართულ ოცნებას უნდა თუ არა. – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.