კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო თბილისში ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო

თბილისში, საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. კონცერტი 8 მარტს იყო დაგეგმილი.

ღონისძიების ორგანიზატორის, დავით ფანიაშვილის თქმით, კონცერტის გადადების მიზეზი საქართველოში დადასტურებული ახალი კორონავირუსის შემთხვევა გახდა. საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვეტილება კონცერტის გადადების შესახებ, სიფრთხილის ზომების გამო მიიღო.

საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, მუსიკოსთან ახალ თარიღზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება ბილეთებს, ვისთვისაც ახალი თარიღი მიუღებელი იქნება, საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა, თანხა უკან დაუბრუნდეს, სხვა შემთხვევაში, შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება.