კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 119-ს მიაღწია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.

სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია – ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.

ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.