110/40-ზე სისტემით 1%-იანი ბარიერის პირობებში შეძლებს ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში მოხვედრას – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიცისთვის შეთავაზებული სისტემა 110/40, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, საუკეთესო გამოსავალია და მას მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდანაც ექნება.

ამასთან, კითხვაზე, არის, თუ არა შესაძლებელი, რომ შეთავაზებული სისტემა 110/40-ზე შეიცვალოს 120/30-ით, კალაძემ უპასუხა, რომ “ამაზე საუბარი რთულია”.

“როგორც ცნობილია, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაჟორიტარების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ოპიზიციის მხრიდანაც. ეს არის რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხრდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში. თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების საგანია წინადადება, პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა, თუ მას 40 %-ზე მეტი მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა მმართველი გუნდი აღნიშნული თემის კონტექსტში დღის წესრიგში რამდენიმე „მნიშვნელოვან კომპონენტს“ აყენებს. კონკრეტულად, რას გულისხმობს „მნიშვნელოვანი კომპონენტები“ საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მას არცერთი პოლიტიკური მხარე არ ასაჯაროვებს. საზოგადოებისთვის უცნობია მათ შორის ისიც, 110/40-ზე საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში განიხილება თუ არა 1 %-იანი ბარიერის საკითხი.