უმჯობესია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა შეაჩეროს – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმჯობესია პარლამენტმა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა.

როგორც ბესელია აცხადებს, სისტემური რეფორმის გარეშე მართლმსაჯულება ნდობას ვერ დაიბრუნებს.

„საჭიროა ეს პროცესი შეჩერდეს. იუსტიციის საბჭოს არ აქვს ნდობა და არც პარლამენტს ამ დარჩენილ დროში ის ლეგიტიმაცია, რომელიც სჭირდება ასეთი მაღალი თანამდებობის პირის არჩევას. ამიტომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა შეარჩიოს სასამართლოს თავმჯდომარე. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ქალბატონი ქადაგიძე მართალია, გამოცდილია და საკმაოდ დიდი ხანია მოსამართლის პოზიციაზეა. ნამდვილად აქვს პროფესიული გამოცდილება, მაგრამ გასაუბრებისას ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის დაახლოებულია მოსამართლეთა იმ ჯგუფთან, რომელთაც აქვთ გავლენა სასამართლოზე. სამწუხაროდ, სისტემური რეფორმის გარეშე მართლმსაჯულება ნდობას ვერ დაიბრუნებს. ამიტომ საჭიროა ეს პროცესი შეჩერდეს,“ – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.