კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერობს

კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა

კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებლით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. (გარდა ამისა ამ ინდექსით საქართველო მეშვიდე ადგილზეა მაღალი, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ საქართველო მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში 2016 წლის შემდეგ მეორედ მოხვდა.
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 128 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი“ იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება. 8 ფაქტორიდან 6 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიაში პირველ ადგილზეა.
44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ათეულში 7-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი – 11-ე პოზიციაზე.
აღსანიშნავია კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებელი, სადაც საქართველო გარდა იმისა რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე მოხვდა.
ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა ,ექსპერტთა და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.