ბიძინა ივანიშვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი, ასე უპასუხა – “იგი ხან არის პარტიის ოფისში და ხანაც დისტანციური კომუნიკაცია გვაქვს მასთან.ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, მათ შორის, პარტიულ საქმიანობაზე”. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერი თავის ადგილზეა, “ვინც რას უნდა აკეთებდეს, ზუსტად იმას აკეთებს და ახალ ამბებს ნუ გამოვიგონებთ”.

“მოდი, სპეკულაციისთვის ნუ გამოვიყენებთ კრიზისულ სიტუაციებს. აბსოლუტურად ყველა თავისი კომპეტენციისა და ლეგიტიმაციის ფარგლებში აკეთებს თავის საქმეს და ძალიან გთხოვთ, ახლა, ამ თემებიდან რაღაცების გამოყვანას ნუ შეეცდებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ ფონდი “ქართუს” განცხადებაც ნახა.

„თქვენ ნახეთ ფონდი “ქართუს” განცხადებაც და როდესაც იმედიანად ხარ,რომ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო სტუქტურებისგან ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არსებობს ადამიანი, რომლის იმედზეც შეგიძლიათ იყოთ ძალიან კარგად, გარდა იმ საქმიანობისა, რასაც ხელისუფლება ძალიან კარგად ახორციელებს. ასევე, გქონდეს იმედი, კონკრეტული ფინანსური, თუ სხვა პრობლემების შემთხვევაში გვერდიდან დამატებითი რესურსები გაჩნდეს, რაც მოსახლეობას ძალიან მოსწონს, მგონი, ეს კარგია. ამიტომ, მოდით, გავმიჯნოთ კომპეტენციები, ყველა აკეთებს თავის საქმეს”, – განაცხადა მდინარაძემ.