ფინანსთა მინისტრი უახლოეს პერიოდში მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენას აანონსებს

ფინანასთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, კრიზისულ მდგომარეობას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული შეხვდა. მისივე თქმით, სტიმულირების მექანიზმების დამუშავება პარტნიორებთან ერთად ხდება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ კრიზისულ მდგომარეობას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული შეხვდა. მოგეხსენებათ ჩვენთვის გასული წელი ფისკალურად საკმაოდ წარმატებული იყო. საგადასახადო შემოსავლებში ისტორიულად მაღალი გადაჭარბება გვქონდა. ამის ხარჯზე შევქმენით ფისკალური ბუფერები, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა და დღეს ამ კრიზისულ სიტუაციაში, შესაძლებლობა გვაქვს გამოვიყენოთ ეს რეზერვები. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას. მაგრამ, სანამ ეს ყველაფერი მოხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი. პრაქტიკულად დღეს როგორც ხშირად ამბობენ, ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალო მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ვერაგი. ამ ეტაპზე მთელი ძალისხმევა ჩვენი ხელისუფლების და მოქალაქეების პირველ რიგში ამ პანდემიის შეჩერებისკენ და საბოლოო ჯამში მისი ამოძირკვისკენ უნდა იყოს მიმართული.

მინდა გითხრათ, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო არენაზე საქართველოს საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეს უნდა გაგრძელდეს და მერწმუნეთ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ იმ სტიმულირების მექანიზმებით, რომლებსაც ვამუშავებთ პარტნიორებთან ერთად, ძალიან მალევე დავუბრუნდებით განვითარების იმ ტემპებს და ნიშნულს, რომელიც ჩვენ სულ რამდნიმე კვირის წინ გვქონდა“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ერთობლივ განცხადება გააკეთეს.