ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო და ცალკე ტელევიზიები გამოყოფილი არ ყოფილა – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო და ცალკე ტელევიზიები ამ პროცესში გამოყოფილი არ ყოფილა.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ინკასოს დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება.

მისივე თქმით, გადასახადის გადახდისას ტელევიზია ან სხვა კომპანია არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ გადასახადების გადავადების კუთხით შეღავათების ის პაკეტი, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა, წინა ხაზზე იყო ეპიდემიური კრიზისის დასაწყისში. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება პირველ ნოემბრამდე მიმდინარე წლის. ამისთვის მათ ელექტრონულად უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და მათ ინკასო არ დაედებოდათ. სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და ეს ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ტელევიზია ან სხვა კომპანია არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ტელევიზიებთან თქვენ გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომ ჩვენ მზად ვიყავით 1-ელ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პერიოდი მიგვეცა და იცით, რომ რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის მსხვილმა კომპანიებმა ისარგებლა და 5-წლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ. მესმის ზოგადად, რომ რაც ეს ეპიდემია და შესაბამისად ეკონომიკური შენელება ვლინდება უფრო და უფრო შეიძლება გაუჭირდეს სხვა დარგებში მოღვაწე კომპანიებს გადასახადის გადახდა, მესმის, თუმცა, ჩვენ იმის მიხედვით, დაზიანების რა ხარისხი ან რა ხანგრძლივობა ექნება ამა თუ იმ სექტორს და შესაბამისად ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ჩვენ მაქსიმალურად ინდივიდუალურად, მიზნობრივად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის შეღავათს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ტელევიზიებს ინკასო ვინმეს დისკრეციით არ დადებიათ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვინმეს ინკასო ვინმეს დისკრეციით არ დადებიათ. ჩვენ ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე. თქვენ გახსოვთ, რომ წინა წლებში ტელევიზიები გამონაკლისად იყვნენ, თუმცა, რაც შეთავაზება გავაკეთეთ პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმზე გადავიდნენ. რამდენიმე ათას კომპანიას დაედო ინკასო ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოხდა დეკლარირება გადასახადის და მათ შორის მოყვნენ ტელევიზიები და სხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.