მნიშვნელოვანია, დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად შევინარჩუნთ ეკონომიკის მდგრადობა – მაია ცქიტიშვილი

„ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის თაობაზე, დეკრეტით განსაზღვრული შეზღუდვები, არ ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნეს-საქმიანობის შეზღუდვას არც რამდენიმე დღის წინ საცალო ვაჭრობის შეზღუდვასთან მიღებული რეკომენდაცია გულისხმობდა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია, დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად შევინარჩუნთ ეკონომიკის მდგრადობა.

,,ჩვენ შევზღუდეთ მოქალაქეთა ფიზიკური მომსახურება ბევრ სავაჭრო ობიექტზე, მაგრამ ამასთან ერთად, დავუშვით დისტანციური მომსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩვენი ეკონომიკური სუბიექტი, ბიზნესი ფუნქციონირებდეს დისტანცურად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი ეკონომიკის. მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების საერთო მოცულობა აღემატება 2.5 მილიარდ ლარს 2020 წლისთვის. 3 თვის განავლობაში, ამ კვარტლის ჭრილში ჩვენ 400 მილიონამდე პროექტის დაფინანსება შევძელით და დღეის მდგომარეობით, ყველა ეს პროექტი ძალიან კარგი ტემპით და დინამიკით მიმდინარეობს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ამ პროექტებზე არიან დასაქმებული და რა თქმა უნდა, ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჯანდაცვის სპეციალისტებისგან სრულდება ამ ობიექტებზეც. ვეცდებით გავაგრძელოთ როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე იმ ბიზნეს და ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობა, რომლებიც დღეს საქართველოში არიან“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, რომლის კომენტარსაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.