მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძარში ყოფნა რისკებს ზრდის – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საღამოს21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს წარმოადგენს. პირველი დღიდან, ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ რეკომენდაციის არდაცვის გამო. კორეაში გვაქვს მაგალითი, სადაც ინფექციის გავრცელება ძალიან კარგად იმართა, რეკომენდაციების არგათვალისწინების გამო, ტრაგედია დატრიალდა ირანში, ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი გვაქვს იტალიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენგან ყოველდღიურ რეჟიმში ჟღერდება. მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნებიან და ეს დორის მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, საუკეთესო გამოსავალია, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.