750 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ის საკითხები წარადგინა, რომელსაც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. მისი განცხადებით, ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, განიხილება იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, რომელთა შემოსავალი 750 ლარზე ნაკლებია.

„მნიშვნელოვანია ცვლილებები საგასახადო კოდექსში. ამ საკითხზე ბატონი ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა. ესაა ანტიკრიზისული პაკეტი და მასში მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებებია, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ შევიმუშავეთ. მათ შორისაა ისეთი მნიშვნლოვანი საკითხი, როგორიცაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათი კიდევ არაერთია და მე გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, მაგრამ დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.