აზერბაიჯანიდან საქართველოში 50 მოქალაქე დაბრუნდა

აზერბაიჯანსა და უნგრეთში საქართველოს საელჩოები, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მუშაობას განაგრძობენ.

აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ 15 მაისს, ორგანიზება გაუწია საქართველოს მოქალაქეთა 50 კაციანი ჯგუფის სამშობლოში დაბრუნების პროცესს სახმელეთო გზით.

აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან: არასრულწლოვანი, ასაკოვანი, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და საელჩოს მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირები.

ასევე, 15 მაისს, უნგრეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო ხორვატიის რესპუბლიკიდან უნგრეთის ტერიტორიაზე საქართველოს 6 მოქალაქის გადმოყვანა, რომლებიც COVID-19 -ის პანდემიითგამოწვეული ვითარების გამო, ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას.

2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11 046 მოქალაქე.​