მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში – ნათია თურნავა

მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამპრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეებში საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პირველ ივლისს საქართველომ წარმატებულად შეძლოს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. 

„აქამდე გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც უძველესი ტრადიციების, ისტორიის და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანას. ახლა გვიცნობენ, როგორც ქვეყანას, რომელმაც წარმატებით ბრძოლა შეძლო კოვიდ 19-თან, რაც სხვა ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ჩვენი ფრონტის წინა ხაზი დღეს გადის სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, საელჩოებზე და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ დღეებში იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად შევძლოთ პირველ ივლისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურები ვართ, ასევე, რა წესები გვაქვს შემოღებული, რომელიც სრულიად მისაღები იქნება სხვადასხვა ქვეყნისთვის. ამ ურთიერთობების ფარგლებში უნდა გავხსნათ ე.წ. უსაფრთხო მწვანე დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენთან ტურისტები შემოვლენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მსოფლიოს უნდა გააცნოს საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში.

„კოვიდის შემდეგ სამყაროში უფრო მეტად გაძლიერდება ტენდენცია დივერსიფიკაციის. ძალიან ბევრი მულტინაციონალური კომპანია ეძიებს მეტ დივერსიფიკაციას და თავისი წარმოებების გადატანა, ან ალტერნატიული წარმოებების შექმნა სურს სხვა რეგიონებში, განსხვავებით იმ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებისა, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ასევე ნომერ პირველი არჩევანი და ამასაც ეძღვნებოდა პრემიერ-მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის საუბარი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.