იმერეთისთვის რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია – ზვიად შალამბერიძე

ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება და მიმდინარეობის პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ადგილობრივები არიან დასაქმებული ძალიან ბევრი, ამ წლების განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრი დასაქმდება, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფოს რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელების შემდეგ შეამოკლებს გადაადგილებას, ეს იქნება საერთაშორისო ტვირთბრუნვა, ჩვენი ტურისტებისთვის, თუ ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

„რა თქმა უნდა, პროექტის არქიტექტურული მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს იქნება ცალკე ატრაქცია ჩვენი ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი იქნება ჯამში“, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.