საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება – ანრი ოხანაშვილი

პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭირო ღონისძიებების გატარება, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დღეს ღამის 12 საათიდან გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და იხსნება მთელი რიგი შეზღუდვები. თუმცა ის საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას და მოწესრიგებას, იქნება გამოწვევა, თუკი მათ არ დავარეგულირებთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა.

„ჩვენ პროექტში ასახული გვქონდა, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება. ეს იყო მხოლოდ გარკვეული ვადით, მინიმალური, თანაზომიერი ჩარევა ადამიანის გარკვეულ უფლებებში. თუმცა რადგან გაჩნდა შეკითხვები, ხომ არ უკავშირდებოდა ეს გარკვეულ საკითხებს, სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც კანონპროექტში ისედაც ეწერა. მასში ეწერა ის, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება. ახლა კი კანონპროექტში, მეორე მოსმენის დროს აისახება, რომ ეს რეგულაციები გაგრძელდება მხოლოდ 15 ივლისამდე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით,სახელისუფლებო გუნდმა გუშინ სახალხო დამცველთან გაიარა კონსულტაცია და პოზიციები შეაჯერა. მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველს ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, რომელთა ძირითადი ნაწილი კანონპროექტში აისახა.

„დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მიუთითებს, რომ მისი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა პროექტში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. 

მისი განცხადებით, კანონპროექტში გაწერილი იყო კრიტერიუმები, რომ ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება.

„ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ საჭირო იყოს, მაგალითად, მიმოსვლის შეზღუდვა იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე; შესაძლოა, შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა, რათა არ მოხდეს ეპიდაფეთქება და არ გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. კანონპროექტში გვქონდა ასევე, რომ დისტანციურად პროცესები გამართულიყო მაქსიმალურად შეზღუდული ფორმით. ამასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა რეკომენდაცია. ჩვენ ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ და მხოლოდ არასაპატიმრო ღონისძიებების შემთხვევაში ანუ როდესაც პირს აქვს აღკვეთილი თავისუფლება, ან როცა პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, მხოლოდ ამ შემთხვევებში მოხდეს დისტანციურად პროცესების წარმართვა. ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული მექანიზმი, ადამიანის უფლებებში მინიმალურად თუ ხდება ჩარევა, ის უნდა იყოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციების შესაბამისი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.