“ტყის კოდექსის” მიღებით სრულდება ტყის გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში – ნინო წილოსანი

„დღეს ჩვენ “ტყის კოდექსს” ვიღებთ და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ ევროპულ სტანდარტებზე“.

ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო წილოსანმა კოდექსის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰუბერტ ქნირშის პლენარულ სხდომაზე დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას სექტორის რეფორმის მიმართ.

„საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ამ თემით დაინტერესებული პირების და სამინისტროში გარემოს და ბუნების დაცვაზე თავდადებული ადამიანების დახმარებით, ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ტყის უსამართლო ჭრის და ლიცენზიების მავნე პრაქტიკას, უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციას, სავალდებულო მოთხოვნად აწესებს ტყის მოვლის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, აჩენს ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, ახდენს ტყის კატეგორიზაციას, ტყეების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, იძლევა საშუალებას, როგორც მერქნული, ასევე, არა მერქნული რესურსების გამოყენების, ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას განახორციელებს უკვე ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე და იფუნქციონირებს სამეურნეო ეზოები, სადაც მოხდება ტყის რესურსის დამზადება, რომელსაც ექნება როგორც სოციალური, ასევე, ეკონომიკური ეფექტი“,- განმარტა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, რეფორმაზე მუშაობის პროცესი ხანგრძლივი და მასშტაბური იყო და ტყის კოდექსი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) დახმარებით შემუშავდა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი, მისი ტექსტი, სტანდარტები და რეგულაციები ყველა სტეიკჰოლდერთან არის შეთანხმებული. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც არის ყველას ინტერესში, რომელიც იცავს ყველას ინტერესს და რაც მთავარია, იცავს გარემოს დაცვით პრინციპებს და ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელიც 3500 ჰექტარი ტყის მასივზე მეტყევის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს.

„არსებული ცვლილება, მეტყევეების რაოდენობას, დაახლოებით, გააორმაგებს, რეგიონების მასშტაბით დასაქმებული პროფესიონალი ადამიანების რაოდენობას გაზრდის, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმღებთათვისაც იქნება დასაქმების შესაძლებლობა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.