შეზღუდვა ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობაზე, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე – პრემიერი

ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, გაუქმდება  კომენდანტის საათი და ამას გარკვეული შემსუბუქებაც მოჰყვება.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს. გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები. მაგალითად, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ გარკვეული სახის შეზღუდვების შენარჩუნება აუცილებელია.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვართ იძულებული, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად,  გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო თუ არის წარმატებული „კოვიდთან“ ბრძოლაში, „კოვიდის“ გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები. პირველ რიგში კონტროლი საზღვრებზე. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ძალიან ეფექტური იყო კარანტინის ზონების შექმნა, უაღრესად ეფექტური იყო ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანას მობილობის შემცირების საშუალება მისცა.

„თუ დღეს საქართველოში საშუალოდ ყოველდღიურად ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა, მაგალითად დღეს ორი, ხუთი, შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება,  ფრთხილად, ეტაპობრივად, არა ერთბაშად განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა, რათა უბრალოდ ოჯახი არჩინონ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.