ზუგდიდელი პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა, შესაძლოა სკოლიდან გათავისუფლდეს

ზუგდიდში, პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგი, რომელმაც სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა, შესაძლოა სკოლიდან გათავისუფლდეს. ამავე სკოლის დირექტორის, ნინო გოგინავას ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ზუგდიდის პირველი სკოლის ქიმიის მასწავლებლის მიერ დაწერილმა პოსტმა, სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მოსწავლეებს და თავად პოსტის ავტორს ამ საკითხზე მედიასთან საუბარი არ სურთ. ამ დროისთვის პედაგოგის პოსტი Facebook-ზე არ იძებნება.

სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის სასწავლო კურსის მსვლელობისას, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ნინო გოგინავა კატეგორიულად ემიჯნება მოსწავლეების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას და აცხადებს, რომ მასწავლებლის ეს საქციელი არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდება.