პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტები ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტური შენობების შესახებ

ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტები ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტური შენობების შესახებ. ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს.

საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი დაამტკიცა. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული კანონი, რომელიც გვაახლოებს ევროკავშირთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო სამი წელია ქვეყანა დაჩქარებულ რეფორმებს ახორციელებს ენერგოსექტორში და მთავარი ამოცანაა, ენერგეტიკული სექტორი რეალურად გარდაიქმნას ევროპული სტანდარტებით აგებულ მწვანე ენერგოსექტორად.