საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებებს სამაგალითოს უწოდებს

წმინდა საყდრის ნუნციომ, მონსინიორჟოზე აველინო ბეტანკურმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა.

„საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი უაღრესად აფასებს იმ მუდმივ და შეუნელებელ ინტერესს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, და კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი კეთილდღეობისა და საჭიროებების მიმართ კრიზისის ყველაზე მძიმე წუთებში იჩენდა“ – ნათქვამია წერილში.

წმინდა საყდრის ნუნციო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებიანი დამოკიდებულება და მუდმივი კონტაქტი დიპლომატებს ძალას მატებდა და კრიზისის დაძლევის იმედით აღავსებდა.

„საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება სამაგალითოა და ყოველთვის დასაფასებელი“ – აღნიშნულია წერილში.

წერილის ბოლოს, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია“.