ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია, არც ერთი შემთხვევა არაა დამალული – ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე

ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია. არც ერთი შემთხვევა არაა დამალული. დღეს გვყავს 728 პაციენტი, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ.

„ჭეშმარიტება ერთია, გვაქვს 728 დადასტურებული შემთხვევა. დამთავრდა. ამას არავითარი კომენტარი არ სჭირდება. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. საუბარს იმაზე, თუ ვის რა აზრი აქვს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.